Thursday, May 24, 2012

ლიბერალიზმი L. liber - თავისუფალი ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა; არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება; ხელისუფლების დაყოფა; კანონის უზენაესობა; საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე; კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა; უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისათვის. რეალიზმისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს ერთიან თეორიულ სისტემას და დღევანდელი სახით ის უფრო მრავალი განსხვავებული იდეის ნაკრებია. მაშინ, როდესაც რეალიზმი განიხილება როგორც „სამთავრობო“ იდეოლოგია, ლიბერალიზმი უფრო ოპოზიციისაკენ იხრება და მისი ძირითადი დანიშნულება ეტყობა ძალისმიერი პოლიტიკის ლიდერების „დევნაა“. მიუხედავად ამისა, არსებობდა შედარებით მოკლე პერიოდები მეოცე საუკუნის მანძილზე, როდესაც ლიბერალიზმი ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას დასავლეთის რიგი სახელმწიფოების პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს კონკრეტულად ეხებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს (ე.წ. „იდეალიზმი“), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაეროს დაარსებით გამოწვეულ ოპტიმიზმსა და ასევე მოკლე პერიოდს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რიგ დასავლელ პოლიტიკურ „გურუებს“ რატომღაც ეგონათ, რომ „ისტორია დამთავრდა“. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ლიბერალიზმი დაფუძნებულია თავშეკავებულობაზე, ზომიერებაზე, კომპრომისსა და მშვიდობაზე – ე.ი. იმაზე, რაც რეალურ საერთაშორისო პოლიტიკაში დღესდღეობით პრაქტიკულად არ გვხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიბერალები ეგუებიან ძალისმიერი პოლიტიკის ლოგიკას – ისინი თვლიან, რომ ასეთი პოლიტიკა გარკვეული იდეების რეალიზაციის შედეგია, ხოლო საბოლოო ჯამში, იდეები ცვლილებებს ექვემდებარება. ასე რომ, თუ მსოფლიო დღეს მაინცდამაინც სტუმართმოყვარედ არ ექცევა ლიბერალიზმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება ოდესმე დადგეს ლიბერალური იდეების გამარჯვების ხანა. ლიბერალური იდეოლოგიის ცენტრში პოლიტიკაში პროგრესის შესაძლებლობის რწმენაა. ლიბერალიზმის ძირითადი საზრუნავი პიროვნების თავისუფლებაა. ისინი სახელმწიფოს დაარსებას განიხილავენ როგორც ამ თავისუფლების დაცვის აუცილებელ ელემენტს სხვა პიროვნებებისა ან სახელმწიფოებისაგან. სახელმწიფო ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს კოლექტიურ ნებას, და არა მართავდეს მას, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები ამის გარანტებად გვევლინებიან. ლიბერალიზმი ძირითადად წარმოადგენს ისეთი მთავრობის (მართვის) თეორიას, რომელიც ცდილობს ერთმანეთს შეურიგოს წესრიგი (უსაფრთხოება) და მართლმსაჯულება (თანასწორუფლებიანობა) მოცემული საზოგადოების ფარგლებში. საშინაო და საგარეო ინსტიტუტებს ლიბერალები აფასებენ იმის შესაბამისად, თუ რამდენად შესწევთ მათ უნარი გაატარონ პიროვნების თავისუფლების იდეა პრაქტიკაში. ამავე დროს, ბევრი მიიჩნევს, რომ რეფორმების წარმატებული გატარება ამა თუ იმ საზოგადოების „შიგნით“ შეუძლებელია, თუ შესაბამისი რეფორმები მათ „გარეთაც“ არ გატარდა. სანამ სახელმწიფოები განაგრძობენ ერთმანეთთან ისეთი სახით ურთიერთობას, როგორც ცალკეული პიროვნებები ველურ ბუნებაში, მშვიდობისა და პროგრესის ლიბერალურ იდეებს განხორციელება არ უწერიათ. ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოთა თავისუფლება წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილს და არა ამ პრობლემების გადაჭრის საშუალებას. შესაბამისად სახელმწიფოები უნდა გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილები და დაექვემდებარონ მათ წესებსა და ნორმებს. ფუნქციების ის ნაწილი, რომელთა შესრულება სახელმწიფოებს არ შეუძლიათ, უნდა გადაეცეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
სიტყვა „ლიბერალი“ წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან „libertas“, რაც თავისუფლებას ნიშნავს. ლიბერალები თავს მიიჩნევენ ინდივიდუალური თავისუფლების ჩემპიონებად, ვინც ქმნის და ინარჩუნებს ღია და შემწყნარებლურ საზოგადოებას, რომლის წევრებიც თავისუფლად ირჩევენ საკუთარ იდეებსა და ინტერესებს, გარედან (მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც) რაც შეიძლება ნაკლები ჩარევით. ლიბერალიზმი დაიწყო, როგორც რეაქცია შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოების ორი თვისების - რელიგიური კუთვნილებისა (ევროპაში კათოლიკურ ეკლესიას დომინანტური როლი ჰქონდა და საკუთარ ავტორიტეტებზე დაყრდნობით ყოველმხრივ ილაშქრებდა წმინდა წიგნების განსხვავებული, თავისუფალი ახსნა-განმარტების წინააღმდეგ; ამ გზით ეკლესია ადამიანის აზრებსა და მის საქმიანობაზე ერთგვარ კონტროლს აღწევდა) და მიწერილი სტატუსის (...რომელშიც პიროვნების სოციალური სტატუსი განისაზღვრებოდა არა საკუთარი შესაძლებლობებით, არამედ დამოკიდებული იყო მის ან მისი მშობლების სტატუსზე; ადამიანები უბრალოდ იბადებოდნენ დიდგვაროვნებად, თავისუფალ მეთემეებად, ყმებად...) წინააღმდეგ. ლიბერალიზმი, როგორც პირველი განსაკუთრებული იდეოლოგია, ყალიბდება იმგვარი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელშიც ფესვგადგმულია ჩამოთვლილი სტატუსები და რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებული ღირებულებები. მაგრამ ამ ლიბერალურმა რეაქციამ სათანადო ფორმა ვერ მიიღო, სანამ სოციალურმა, ეკონომიკურმა და კულტურულმა კრიზისმა საფუძვლიანად არ შეარყია შუასაუკუნეობრივი წყობა. მრავალი ცვლილება დაკავშირებული იყო იმ შემოქმედებით აღორძინებასთან XIV- XV საუკუნეებში, რომელიც რენესანსის სახელითაა ცნობილი; სულ უფრო ხშირად ილაშქრებდნენ ავტორიტეტების, ტრადიციებისა და დოგმების წინააღმდეგ; წინა პლანზე წამოვიდა ადამიანი, რომელიც განიხილებოდა, როგორც ბუნების ყველაზე სრულყოფილი არსება და ამდენად - „სამყაროს ცენტრი“. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც ლიბერალიზმის აღზევებას შეუწყო ხელი, ალბათ მაინც XVI საუკუნის პროტესტანტული რეფორმაცია იყო. როდესაც მარტინ ლუთერი (1483-1546) და რეფორმაციის სხვა წარმომადგენლები ასწავლიდნენ, რომ ხსნა მხოლოდ საკუთარი რწმენიდან მომდინარეობს, ისინი იმავდროულად მოუწოდებდნენ ხალხს, ინდივიდუალური შეგნება უფრო მეტად დაეფასებინათ, ვიდრე ორთოდოქსალურობა და ერთიანობა. მათ ფაქტობრივად გზა გაკვალეს ლიბერალიზმისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის განზრახვა არ ჰქონიათ. ნაბიჯი ინდივიდუალური შეგნებიდან ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ რადიკალური იყო იმ დროისათვის, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ლიბერალებმა XVII და XVIII საუკუნეებში დაიწყეს. ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად არაერთმა ლიბერალმა დაიწყო მტკიცება, რომ ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობები ადამიანთა პირადი საქმეა და ისინი თავისუფალნი უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევისაგან. საფრანგეთში მოაზროვნეთა ჯგუფმა, რომელთაც ფიზიოკრატებს უწოდებდნენ, ეკონომიკური კუთხით ეს თვალსაზრისი გამოხატა ფრაზაში: „თავი დაანებეთ, რაც უნდა მოხდეს“. ეს არის კაპიტალიზმის არსი, რომელსაც ყველაზე გავლენიანი დამცველი ადამ სმიტის სახით გამოუჩნდა. თავის ნაწარმოებში „ერების სიმდიდრე“ (1776) სმიტი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ინდივიდებს საშუალებას მისცემდა, თავისუფლად დაემკვიდრებინათ ადგილი ბაზარზე, იქნებოდა არა მარტო ყველაზე შედეგიანი, არამედ ყველაზე სამართლიანი პოლიტიკაც, რადგან ყველას მიეცემოდა თანაბარი შესაძლებლობები. Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007 ტერმინი გამოიყენება 1812 წლიდან - მას შემდეგ, რაც ესპანეთში შეიქმნა ლიბერალური პარტია და ლიბერალებმა მოახერხეს სამოქალაქო კონფლიქტში კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებების მოწინააღმდეგეების გაერთიანება. ეს სიტყვა ლათინურიდან მომდინარეობს და თავისუფლებას ნიშნავს. ლიბერალური თეორია ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს მოძღვრებებიდან იღებს სათავეს. ლიბერალური ეკონომიკური თეორია თავისუფალი ბაზრის და სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის მომხრეა. ლიბერალიზმი არის თავისუფალი ადამიანების, თავისუფალი ბაზრის და შეზღუდული მთავრობის იდეოლოგია. ლიბერალიზმი არის დოქტრინა საზოგადოების წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ. იგი ცდილობს ადამიანს შეუქმნას ნორმალური, ბუნებრივი და მშვიდობიანი განვითარების პირობები. ლიბერალიზმი ტრანსფორმაციას განიცდიდა და მას სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდა: კლასიკური თეორია, ნეოკლასიციზმი, კეინსიანიზმი, მონეტარიზმი და სხვ. ეკონომიკური ლიბერალიზმის ყველა ფორმა აღიარებს ბაზარს და ფასის წარმოქმნის მექანიზმს, როგორც შიდა და საგარეო ეკონომიკის ორგანიზების ყველაზე ეფექტურ ხერხს. ლიბერალიზმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც დოქტრინა და პრინციპების ერთობლიობა საბაზრო ეკონომიკის ორგანიზებისა და მართვისათვის, რათა მიღწეულ იქნეს მაქსიმალური ეფექტურობა, ეკონომიკური ზრდა და ბაზრის ყველა მონაწილის პირადი კეთილდღეობა. ეკონომიკური ლიბერალიზმის მიხედვით, ბაზარი წარმოიქმნება სპონტანურად, რათა დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილება. ხოლო ფუნქციონირებს ბაზარი თავისი შიდა ლოგიკის მიხედვით. ადამიანები ბუნებით არიან ეკონომიკური ცხოველები და ამიტომ ბაზარი ვითარდება ბუნებრივად, ლოგიკურად, ცენტრალური დირექტივების გარეშე. ადამ სმითის აზრით, საზოგადოებრივი, ეროვნული და კერძო დოვლათის წარმოქმნის წყარო არის თითოეული ადამიანის მუდმივი, განუწვეტელი და რუტინული ძალისხმევა,გაიუმჯობესოს საკუთარი პირობები. საბაზრო სისტემის ლოგიკა ისაა, რომ ის ზრდის ეკონომიკურ ეფექტურობას, მაქსიმალურს ხდის ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, აუმჯობესებს ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ, ლიბერალების აზრით, ეკონომიკური საქმიანობა აძლიერებს ქვეყნის ძალაუფლებასა და უსაფრთხოებას. მათ სწამთ ისიც, რომ ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი და უმთავრესი მიზანი არის თითოეული ადამიანისათვის სარგებლის მოტანა. ლიბერალიზმის მიხედვით, კერძო მომხმარებელი, ფირმა თუ ოჯახი არის საზოგადოების საფუძველი. კერძო პირები იქცევიან რაციონალურად, გონივრულად და ცდილობენ დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ ფასში. ინდივიდუალური მწარმოებლებ და მომხმარებლები ძალიან მგრძნობიარენი არიან ფასის მიმართ, რაც ხელს უწყობს მოქნილი ეკონომიკის წარმოქმნასა და არსებობას, რომლის პირობებშიც ფასის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს შესაბამის ცვლილებას წარმოებაში, მოხმარებასა და ეკონომიკურ ინსტიტუტებში. ჭეშმარიტად კონკურენტული ბაზრის პირობებში გაცვლის პირობები განისაზღვრება მხოლოდ მიწოდება-მოთხოვნით და არა ძალაუფლებით, უხეში ჩარევითა და დირექტივებით. თუ გაცვლა ნებაყოფლობითია და ორივე მხარის სურვილითაა განპირობებული, მაშინ ამ პროცესში ორივე მხარე მოგებულია და კმაყოფილი. საბაზრო ეკონომიკა ძირითადად იმართება მოთხოვნის კანონით, რომლის მიხედვითაც, ხალხი იყიდის მეტ საქონელს, თუ ფასი დაიწევს, და ნაკლებს, თუ ის გაიზრდება; ხალხი ასევე იყიდის მეტს, თუ მისი შემოსავალი გაიზრდება, და ნაკლებს, თუ იგი შემცირდება. ნებისმიერი ცვლილება ფასში და ბაზრის მონაწილის შემოსავალში იმოქმედებს შეძენილი საქონლის რაოდენობაზე. ხოლო რაც შეეხება მიწოდებას, ლიბერალების აზრით, ადამიანები ცდილობენ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას დეფიციტისა და რესურსების არასაკმარისი რაოდენობით არსებობის პირობებში. საქონელზე მიწოდების ან მოთხოვნის ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება საქონლის ფასის ცვლილება. არსებითად, ლიბერალებს სწამთ, რომ ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთქმედება სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების საფუძველია, ვინაიდან ვაჭრობით მიღებული ორმხრივი სარგებელი და ზრდადი ურთიერთდამოკიდებულება ეროვნულ ეკონომიკებს შორის აძლიერებს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ თავისუფალი ვაჭრობა და კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა უნდა განსაზღვრავდნენ სახელმწიფოთა ეკონომიკურ პოლიტიკას და არა პირიქით. ლიბერალიზმის საშინაო პოლიტიკის მიზანი იგივეა, რაც საგარეოსი - მშვიდობა. ლიბერალებს სწამთ კაცობრიობის სრულყოფილი თანამშრომლობის. ლიბერალიზმი თავისი არსით კოსმოპოლიტური იდეოლოგიაა. ხოლო ლიბერალი - მსოფლიო მოქალაქე, კოსმოპოლიტი. ლიბერალიზმი წინააღმდეგია ომისა და ყველანაირი კონფლიქტის. ომი აიძულებს სახელმწიფოებს ჩაიკეტნონ, ხოლო შრომის საერთაშორისო დანაწილების პირობებში ჩაკეტილი ქვეყნის ეკონომიკა სუსტდება და მოქალაქეთა კეთილდღეობა კლებულობს. ლიბერალის აზრით, კერძო საკუთრება მშვიდობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთლიანად მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფოს ვალია კერძო საკუთრების გაფრთხილება და მისი დაცვა. ადრე ლიბერალები თვლიდნენ, რომ ომი სურდათ და ომობდნენ მონარქები და არა ერები. შესაბამისად, მათი აზრით, დინასტიები უნდა შეეცვალათ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობებს. ბევრი მეცნიერისა და პოლიტიკოსის აზრით, ლიბერალურ-დემოკრატიული მთავრობები ნაკლებად კონფლიქტურები არიან და იშვიათად ან საერთოდ არ ომობენ. ლიბერალიზმის გავრცელებასთან ერთად ხდება სახელმწიფო საზღვრების დადგენა სამხედრო, ისტორიული და სხვა პირობებით. თუმცა ლიბერალები არ აღიარებენ საზღვრის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ლიბერალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა რეფერენდუმები და პლებისციტები. ლეველინგ როქველი, თანამედროვე ამერიკელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ეჭვს გამოთქვამს იმის გამო, რომ ლიბერალიზმი თავისი პირვანდელი სახით დღეისათვის აღარ არსებობს, და ამბობს, რომ ჭეშმარიტ ლიბერალურ კონცეფციას ახლა კლასიკური ლიბერალიზმი უნდა ეწოდოს. იგი წერს: ,,მე-18 და მე-19 საუკუნეებში ლიბერალიზმის ცნება, საზოგადოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ფილოსოფიას ნიშნავდა, რომელსაც შემდეგი პრინციპი გააჩნდა - საზოგადოებებს და მათ კომპონენტებს რაიმე სახის ცენტრალური მმართველობა და კონტროლი არ სჭირდებათ, რადგან საზოგადოებები, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს მართავენ საკუთარ წევრთა ნებაყოფლობითი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზით. დღეს ამგვარ ფილოსოფიას ლიბერალიზმს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან ეს ცნება დემოკრატიული ტოტალიტარიზმის მიერ იქნა მითვისებული. იმისათვის, რომ ეს ფილოსოფია ხელახლა ჩვენი დროის შესატყვისად წარმოვაჩინოთ, ჩვენ მას ახალი სახელი - კლასიკური ლიბერალიზმი უნდა ვუწოდოთ. კლასიკური ლიბერალიზმი ისეთ საზოგადოებას ნიშნავს, სადაც ჩემი ოცნება რეალობაა. სადაც ჩვენ პრეზიდენტის სახელის ხსენება სულაც არ გვესაჭიროება, სადაც არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი არაა, რადგან საზოგადოება კანონებით, და არა ადამიანების მიერ, იმართება. როდესაც ჩვენ არ გვეშინია ჩვენი მთავრობის, რადგან მას ჩვენგან არც არაფერი მიაქვს და არც არაფერი მოაქვს, არამედ ის გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრება, საზოგადოებრივი ყოფა და მომავალი თავადვე განვსაზღვროთ”. (ლეველინგ როქველი. ლიბერალიზმის საფუძვლები, გვ. 86, თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი I, 2004წ.). Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.] ტერმინი გამოიყენება 1812 წლიდან, მას შემდეგ, რაც ესპანეთში შეიქმნა ლიბერალების პარტია და სმოქალაქო კონფლიქტში კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებების მოწინააღმდეგეები გააერთიანა.მას ლათინური ძირი აქვს და თავისუფლებას ნიშნავს.ლიბერალებს სურდათ, რომ ამ სახელით გამოეხატათ პოლიტიკური იდეალები, მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც პიროვნებებს გააჩნიათ სრული თავისუფლება ესწრაფვოდნენ თავიანთ საკუთარ ბედნიერებას მათთვისვე მისაღები გზებით, რომ ამან არ უნდა შეზღუდოს სხვების თავისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლიბერალიზმში გაერთიანებულია ე.წ. ანგლო-საქსური - ევოლუციონისტური და კონტინენტური, ანუ რაციონალისტული ტრადიციები. პირველი, ადამიანების თანაშმრობლობის სპონტანურ წესრიგს აღიარებს, რომელიც მრავალი პიროვნებად ინდივიდუალური, დამოუკიდებელი „მცდელობებისა და შეცდომების“ შედეგად ყალიბდება. მეორე, გადამწყვეტ როლს გონების „ყოველგვარი ცრურწმენისა და დოგმისაგან გათავისუფლებას“ ანიჭებს და საზოგადოების უკეთეს მომავალს ყოვლისმომცველ რეფორმაციას უკავშირებს. პირველისათვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საკვანძო საშუალება თითოეულის თავისუფლებაა, მეორესთვის - ყველას თანასწორუფლებიანობა თანამედროვე თეორიული და პოლიტიკური ლიბერალიზმი ცდილობს, რომ თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა ერთმანეთს შეურწყას. თუმცა წინააღმდეგობები, როგორც იმის განსაზღვრაში, თუ რა არის თავისუფლება და რა არის თანასწორუფლებიაობა, ისე მათი მიღწევის გზების შერჩევაში, იმდენად ხშირი და მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალიზმი აღარ შეიძლება ჩაითვალოს მონოლითურ მსოფლმხედველობად. მისი „მემარჯვენე“ განშტოებები, როლებიც ადამიანის თავისუფლების განუყოფელ ნაწილად ეკონომიკურ საქმიანობაში ხელისუფლების ჩაურევლობას მიიჩნევენ, კონსერვატივიზმს უახლოვდებიან, ხოლო „მემარცხენე“ განშტოებები, რომლებიც თანასწორობის გარანტად. პირიქით, სწორედ, რომ ამა თუ იმ სახელისუფლო რგოლის ჩარევას მიიჩნევენ - სოციალიზმს. გარდა ამისა, ლიბერალიზმის წიაღიდან მომდინარეობს „ლიბერტარიანიზმი“, რომელიც მინიმალური უფლებამოსილების, სიმბოლურ მთავრობას დასაშვებად მიიჩნევს, „პანარქიზმი“, რომელიც ექსტერიტორიალურ ხელისუფლებას უშვებს და „ანარქო-კაპიტალიზმი“, რომელიც საერთოდ უარყოფს მთავრობის არსებობის საჭიროებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რიგ ქვეყნებში ლიბერალების კონსერვატიული ხასაითის პარტიებში ერთიანდებიან, როგორც ეს ხდება მაგალითად იაპონიასა და ავსტრალიაში. ხოლო სხვებში, მაგალითად შეერთებულ შტატებში, ისეთ პარტიებში, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულია თავისი არსით. არც ისაა გასაკვირი, რომ ზოგიერთები, საკუთარი ლიბერალობის ხარისხის განსამარტად ტერმინებს: „კლასიკურ ლიბერალს“, „პალეო-ლიბერალს“, „ნაციონალ-ლიბერალს“, „სოციალ-ლიბერალს“, „ორდო-ლიბერალს“, „ნეო-ლიბერალს“ და სხვა მრავალს იყენებენ. ამასთან, დაუნდეობლად აკრიტიკებენ ერთმანეთის „ლიბერალობას“. „ლიბერალიზმი“, უპირველეს ყოვლისა, თვითდამკვიდრების თავისუფლებას გულისხმობს: აზრის, სიტყვის, პრესის, რწმენის თავისუფლებას აღიარებს და იმ შეხედულებების არსებობასაც ლეგიტიმურად ცნობს, რომლებიც არა უბრალოდ განსხვავებული, არამედ ლიბერალიზმის საწინააღმდეგონიც კი არიან. ტერმინი, ლუდვიგ ფონ მიზეზის მიხედვით, წარმოიშვა სიტყვიდან „თავისუფლება“, ხოლო ლიბერალიზმის ოპოზიციური პარტიის დასახელება, თავდაპირველად იყო „Serville”, რაც „მონურს“ ნიშნავს. ორივე სახელწოდება ესპანეთში წარმოიშვა, XIX საუკუნის პირველ დეკადაში, კონსტიტუციური ბრძოლის დროს. ლიბერალიზმი“ იყო ისეთი რამ, რისი აღიარებაც სიამაყით შეიძლებოდა და რასაც ხალხის ფართო მასები რეკომენდაციად იღებდა. „ლიბერალურად“ იწოდებოდა ინგლისის უძლიერესი პარტია რომელიც თავისი მნიშვნელობით, მხოლოდ მეორე უდიდეს პარტიას, კონსერვატორთა პარტიას თუ შეედრებოდა. თვით ჩესტერტონიც კი, რომელიც უმოწყალოდ და როგორც დღეს ვაღიარებთ, არც თუ უსაფუძვლოდ, აკრიტიკებდა მრავალს იმისგან, რაც ლიბერალური ხანის შედეგად გვეჩვენება, ამბობდა - „We Liberals” („ჩვენ, ლიბერალები“). დღეს, ძნელია იპოვო ქვეყანა, სადაც სიტყვა „ლიბერალიზმი“ თავისი ძველი, სრული მნიშვნელობით შემორჩა. კიდევ უფრო მეტია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მრავალწლიანი პროპაგანდის შედეგად, „ლიბერალიზმი“ ყოველივე უარყოფითისა და მოძველებულის სინონიმად იქცა. ვინმე შპენგლერის მტკიცებულება, რომ ლიბერალიზმი „უხეიროთა საქმეს“ წარმოადგენს, რომელიც გერმანიაში და უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნისთვის ჩამოყალიბდა, მიუხედავად გადამეტებისა, გამოხატავდა ისეთ აზროვნებას, რომელიც არ იყო უცხო პრაქტიკულად არცერთი ქვეყნისათვის, სულ უფრო მეტი ადამიანი ეგუებოდა იმ აზრს, რომ სიტყვასთან „ლიბერალიზმი“ უნდა გაიგივებულიყო ეკონომიკური სიხისტე, ბურჟუაზიული სიმაძღრე, სოციალური დაუნდობლობა, უმაღლესი ფასეულობების არარსებობა. იმისათვის, რომ მთლიანად გამოხატოს თავისი ზიზღი, ბევრს არ აშინებს მისდიოს განსაკუთრებით საბედისწერო პოლიტიკური რომანტიკოსების მაგალითს და ბოროტგანზრახულად იჩურჩულოს სიტყვა „ლიბერალური“. განსაკუთრებით საგულისხმოა დაკვირვება, რომ ჩვენი დროის ყველა ტოტალიტარული მოძრაობა ლიბერალიზმში თავის მოწინააღმდეგეს ხედავდა და მასთან სისხლიანი ბრძოლა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია, ძალადობის, ცილისწამებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით. თანამედროვე ტირანებმა, მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებენ ისინი საკუთარ თავს: ფაშისტებს, ნაციონალ-სოციალისტებს ან კომუნისტებს, რამენაირი წარმატების მომტანი მოსახვევის მუდმივ ძიებაში, უკვე ყველა ნიღაბი მოირგეს. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ არიან სოციალისტები, დემოკრატები ანდა რომანტიკოს-კორპორატივისტები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. ხანდახან ისინი იმდენად ცინიკურნი არიან, რომ ქრისტიანობისადმი პატივისცემასაც კი ადასტურებენ, მაგრამ ისინი ლიბერალიზმთან კეკლუცობას ყოველთვის ერიდებოდნენ. თუ ამ ხალხს დანებება არ სურდა, ისინი ზუსტად აქ უნდა გაჩერებულიყვნენ, „ლიბერალიზმი“ ხომ მუსოლინისათვის „მასონებს“ ნიშნავდა; ჰიტლერისთვის - „ებრაელებს“, „მოლაყბეებს“ და „ინტელექტუალებს“, ხოლო ლენინისათვის „საძულველ ბურჟუაზიას“. ჩვენი საზოგადოების ამ ფსიქიკურად დაავადებული ბოშებისთვის, ლიბერალიზმი ბურჟუაზიის იმ სამყაროს განასახიერებდა (ამ სიტყვის გერმანული ანალოგი „Burgertum” არ შეიცვას უარყოფით, ან ზიზღის მომგვრელ ქვეტექსტს - მთარგმნელის შენიშვნა), რომელიც მათთვის იმაზე უფრო ცხადი და ნაკლებად მისაწვდომი იყო, ვიდრე ტიბეტი. მიუხედავად ამისა, ისინი, საკუთარი ცინიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, შესაძლოა, ლიბერალიზთან დროებით არშიყსაც არ მორიდებოდნენ. თუკი, ამისგან ელოდნენ რაიმე ეფექტს, რომელიც ხალხის მასებზე გავლენას მოახდენდა. მაგრამ როგორც მასების „სულის ფსიქოლოგიის“ უბადლო მცოდნეებმა, რომელსაც ისინი ძალიან კარგად გამოხატავდნენ, ძალიან კარგად უწყოდნენ, რომ ლიბერალური აზრების მეშვეობით პიროვნების შემწყნარებლობის, თავისუფლებისა და სამართლის შესახებ, მასასთან გარიგება შეუძლებელია. ხალხის ვნების გაღვივება, მათ ნაციონალისტური და სოციალისტური ლოზუნგებით არჩიეს, რაც მასის სულისკვეთებას უფრო შეესაბამებოდა და რომელთა ნაზავიც მსოფლიოს ამფეთქებელ დინამიტად იქცა. მართლაც, ყოველი მხრიდან გალანძღული ლიბერაზლიმის მდგომარეობა, მისი პოლიტიკური გავლენის საყოველთაო დაცემას შეესაბამება. პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანა, შესაძლოა შვეიცარიის, ბელგიისა და შვედეთის გარდა, სადაც ლიბერალიზმს არ გაუვლია მასობრივი პარტიების ერთგული ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ვნებების წნეხის ქვეშ. ინგლისში, თავის სამშობლოში, ლიბერალებმა, როგორც ორგანიზაციულმა პარტიამ, თითქმის საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა. ზოგიერთ მას გარკვეული წონა კიდევ შემორჩა, როგორც იმ პირთა გაერთიანებას, რომელთა ნაციონალური პრესტიჟი წარმოადგენს გარკვეულწილად კომპენსაციას, ამომრჩეველთა კლებადი ხმების სანაცვლოდ. ლიბერალიზმის, როგორც ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის დაღმასვლაზე ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ის აღარ განსაზღვრავს თანამედროვე ეპოქის კულტურულ იდეალებს. შინაგანი კრიზისაგან დასუსტებულმა და საკუთარი წარუმატებლობისგან თავბრუდახვეულმა ლიბერალიზმმა, საკუთარი მისიის სიმძიმისაგან გონი დაკარგა. იქაც კი, სადაც საკუთარ თავს ჯერ კიდევ ლიბერალებს უწოდებენ, ბოლო ათწლეულების ანტილიბერალურმა პროპაგანდამ, ეს ხალხი იმდენად დააშინა, რომ უმეტესობას, საკუთარი სუფთა ნამუსისა და ტრადიციების დაცვის სიმამაცე აღარ შერჩა. ამიტომაც, ისინი მოწინააღმდეგეებს ერთი მეორის მიყოლებით უთმობენ პოზიციებს. რა არის ლიბერალიზმი? ის „ჰუმანურია“ იმ გაგებით, რომ ადამიანის იმ ბუნებიდან გამომდინარეობს, რომელსაც სიკეთის კეთება შუძლია და რომელიც მხოლოდ საზოგადოებაში ვლინდება; ადამიანის დანიშნულებიდან, რომელიც მატერიალურ არსებობაზე მაღლა დგას; პატივისცემიდან, რომელსაც ყოველი ადამიანი თავისი უნიკალურობის გამო იმსახურებს და კრძალავს მის, როგორც „საშუალების“ გამოყენებას და დამცირებას. ლიბერალიზმი იმიტომ არის ინდივიდუალისტური, უკეთესად რომ ვთქვათ პერსონიფიცირებული რომ იგი ესატყვისება ქრისტიანულ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანის სული უშუალოდ ღმერთს ეკუთვნის და მასვე დაუბრუნდება, როგორც ერთიანი მთელი. ამიტომ უმაღლესი ყოფიერება (Wirkliche) ცალკეული ადამიანია და არა საზოგადოება მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ადამიანი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ საზოგადოებაში, მის სამსახურსა და თავგანწირვაში ეძებდეს.4 ამიტომაა ლიბერალიზმი „ანტი-ავტორიტარული“, ანუ მიუხედავად მზადყოფნისა მისცეს კეისარს-კეისრისა, ის კეთილგონიერად ერიდება საზოგადოების შესახებ ყველა იმ რომანტიკულ შეხედულებას, რომელიც სახელმწიფოს თვალსაჩინო მისტიკურ კულტად, სუპერორგანიზმად ან თუნდაც ღმერთად აქცევს და მამაცად ეწინააღმდეგება მას, როცა იგი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე კეისარს ეკუთვნის. ამიტომაა ლიბერალიზმი უნივერსალური; ანუ ჰუმანურობასთან და ანტიავტორიტარულობასთან პატივს სცემს ადამიანის პიროვნებას, როცა იგი სახელმწიფოს გაღმერთებას ეწინააღმდეგება, ის უძალიანდება პატრიოტიზმის ნაციონალიზმად გადაქცევას და ამდაგვარად, მაკიაველიზმად და იმპერიალიზმად. ყველაფერთან ერთად, იგი რაციონალურია იმაშიც, რომ როგორც ჰუმანისტი, ყველა ადამიანს მიაწერს გონებას და როგორც პერსონალისტი, მასში „ადამიანის უდიდეს ძალას ხედავს“. მაგრამ როცა ანტიავტორიტარული და უნივერსალური სოციალური ფილოსოფოსი, გონებას აქცევს მოსამართლედ რომლის წინაშეც ადამიანურმა უგუნურობამ, სიცრუემ და ქილიკმა პასუხი უნდა აგოს. თითქმის ამოუწურავია ის კითხვები, რომლებიც ლიბერალიზმის თითოეულ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული. ჩვენი შემდგომი კვლევებისათვის გვინდა ავიღოთ მხოლოდ ერთი მათგანი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ნათელი მოვფინოთ ზოგიერთ მცდარ შეხედულებას და განვსაზღვროთ ნათესაური კავშირი ლიბერალიზმსა და დემოკრატიას შორის, როცა ჩვენ ვაჩვენებთ ლიბერალიზმის ანტიაავტორიტარიზმის ხარისხს, ამით გვინდა ყოველთვის ბოლომდე გადაულახავი უნდობლობა გამოვხატოთ, რომელსაც ყველა დროში განიცდის ნამდვილი ლიბერალი, ნებისმიერი სახის ძალაუფლების: პოლიტიკურის, სულიერის თუ ეკონომიკურის კონცენტრაციის მიმართ. იაკობ ბუხკარტი (Jacob Burckhardt) იმეორებდა შლოსერის (Sclosser) ფრაზას, იმის შსახებ, რომ ზალაუფლება თავისთავად ბოროტებაა, ჭეშმარიტ ლიბერალურ აზრს კი უკიდურესი ფორმით აძლევს განმარტებას. ისეთი კათოლიკე-ლიბერალები, როგორებიცაა ა. დე ტოკვილი (A. de Tocquueille) და ლორდი ექთონი (Lord Acton), იგივეს ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით.ლიბერალი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს ძალაუფლების ნებისმიერ კონცენტრაციას, რადგან იცის, რომ ძალაუფლებას, როემლიც არ კონტროლდება საპირისპირო ძალების მეშვეობით, ყოველთვის ბოროტად გამოიყენებენ. იგი ადამიანის თავისუფლების გადარჩენის მხოლოდ ერთ რეალურ საშუალებას ხედავს, რაც დეცენტრალიზაციასა და ხელისუფლების კონკურენციის შექმნაში გამოიხატება. იგი აშენებს ინსტიტუციონალურ ბარიერს იაკობინიზმის საშიშროების წინააღმდეგ, რომელშიც ყოველი ელემენტი ლიბერალიზმის ბეჭდითაა აღნიშნული. რადგანაც ისინი ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისაგან ხალხის დასაცავად მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ყველაზე ჯანსაღ და ძლიერ დემოკრატიებად ისინი ითვლებიან, ვინც შემდეგ გამაწონასწორებელ და გამაძლიერებელ ინსტიტუტებს ეყრდნობა; პარლამენტის ძალაუფლების შეზღუდვა, სახელწმიფოს ფედერალური მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ორპალატიანი სისტემა, ხელისუფლების მკაცრი დანაწილება, საზოგადოების დანაწევრება, მონარქია ან სისტემა პრეზიდენტის ფართო უფლებებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სახელმწიფოს ურღვევი იდეა და ისეთი სული, რომელიც პიროვნულ თავისუფლებას არ გაცვლის თანასწორობის იდეაზე. ესენი ის დემოკრატიები არიან, რომლებმაც თანაბარი მნიშვნელობით აღიარეს დემოკრატიული მიდგომა ხელისუფლების აღსრულების წესზე და ლიბერალური აზრი მისი შინაარსის განსაზღვრის შესახებ. როდესაც ლიბერალი დეცენტრალიზაციის იდეას ყველა სფეროში წარმოადგენს, იგი მთელი კაცობრიობის გამოცდილებიდან მომდინარე სიბრძნით ხელმღძვანელობს. ამგვარად ის ხდება ხელისუფლების დანაწილების, ფედერალიზმის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თავისუფალ სფეროებში სახელწმიფოს ჩაურევლობის, „corps intermediaries” (Montskuieu), სულიერი თავისუფლების, საკუთრების, როგორც ეკონომიკური არსებობის ნორმალური ფორმის, ეკონომიკური და სოციალური დეცენტრალიზაციის, მცირე და საშუალო მეწარმეობის, ეკონომიკური და სულიერი კონკურენციის, ეკლესიების უნივერსალურობის და სოციალური დიფერენციაციის იდეის დამცველი. ამგვარად, ის ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი ცენტრალიზმის, მონოპოლიის (მათ შორის სახელმწიფოს), კოლექტივიზმის, გიგანტური სისტემების, მასიურობის, მეგაპოლისების, სიმდიდრის დაგროვების და იმპერიალიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე. სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება და ხშირად, მათ შორის საკმაოდ მცირე მსგავსებაა. თუმცა. ყველა განმარტება ახალი იდეებისადმი გახსნილობას გულისხმობს, მათ შორის ისეთი იდეებისადმი, რომლებიც ამ ცნებას მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ. წინამდებარე ნაშრომში ზოგადად განვიხილავთ პოლიტიკურ იდეათა ფართო ნაკადს, რომელიც ლიბერალიზმად იწოდებოდა და რომელიც იმ დროს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალურ მიმდინარეობად ითვლებოდა. ეს მიმდინარეობა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, სათავეს ორი სხვადასხვა წყაროდან იღებს. აღნიშნული ორი წყარო და ტრადიციები, რომელთაც ისინი აძლევენ დასაბამს, ერთმანეთთან სხვადასხვა ხარისხითაა შერწყმული და არცთუ ისე შეხმატკბილებულად თანაარსებობს. მათი მკვეთრი განცალკევების გარეშე, ლიბერალური მოძრაობის განვითარების შესწავლა შეუძლებელია. ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც ცნება ,,ლიბერალიზმზე“ უფრო ძველია, სათავეს იღებს კლასიკურ ანტიკურ ხანაში და თანამედროვე ხაზით მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნეში ყალიბდება, როგორც ინგლისელი ვიგების („ვიგები“ პოლიტიკური პარტია დიდ ბრიტანეთში. რედ. შენიშვნა) პოლიტიკური დოქტრინა. ამ მიმდინარეობამ გამოიმუშავა პოლიტიკური ინსტიტუტის მოდელი, რომლის მიხედვით მოხდა მე-19 საუკუნის ევროპული ლიბერალიზმის ჩამოყალიბება. ,,კანონებს დამორჩილებულმა მთავრობამ“ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების პიროვნული თავისუფლება უზრუნველყო. რაც შთაგონების წყაროდ იქცა ევროპის ქვეყნებისათვის, სადაც გამეფებულ აბსოლუტიზმს უკვე წაშლილი ჰქონდა შუა საუკუნეთა თავისუფლების კვალი, რომელიც ბრიტანეთში ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული. თუმცა, ევროპის ქვეყნების მიერ ეს ინსტიტუტები ინტერპრეტირებულ იქნა იქნა ბრიტანეთში გამეფებული ევოლუციური კონცეფციებისაგან სრულად განსხვევებული ფილოსოფიური ტრადიციის ფონზე. სახელდობრ, მათი რაციონალისტური, ან კონსტრუქტივისტული შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოების საყოველთაო გარდაქმნას, მიზანშეწონილობის პრინციპის შესაბამისად მოითხოვდა. ეს მიდგომა ახალი რაციონალისტური ფილოსოფიისგან გამომდინარეობდა, რომელიც რენე დეკარტის (ბრიტანეთში თომას ჰობსის) მიერ იქნა ჩამოყალიბებული და გავლენის პიკს მე-18 საუკუნის ფრანგ განმანათლებელთა ფილოსოფოსების მეშვეობით მიაღწია. ვოლტერი და რუსო იმ ინტელექტუალური მოძრაობის ყველაზე გავლენიან მოღვაწეებს წარმოადგენდნენ, რომელთაგანაც ევროპული, ანუ კონსტრუქტივისტული ლიბერალიამის ტიპი იღებს სათავეს. საფრანგეთის რევოლუციით დასრულებული ამ მოძრაობის ძირითადი პრინციპი, ბრიტანული ტრადიციისაგან განსხვავებით, იყო არა განსაზღვრული პოლიტიკური დოქტრინა, არამედ ზოგადი გონებრივი მიდგომა, რომლის მიხედვით საჭირო იყო ყოვლგვარი ცრურწმენისა და დოგმისაგან გათავისუფლება, რაც საბუთდებოდა რაციონალური გზით და აგრეთვე, „მეფეთა და მღვდელთა“ ბატონობისაგან თავის დაღწევა. ამ მოძრაობის არსს, საუკეთესოდ, შესაძლოა, სპინოზას მიერ გამოთქმული ფრაზა გამოხატავს - „თავისუფალია ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იღებს გადაწყვეტილებას“. აზროვნების ამ ორმა მიმდინარეობამ, იმის ძირითადი საფუძველი შექმნა, რასაც მე-19 საუკუნეში „ლიბერალიზმი“ ეწოდა. მისი ძირითადი პოსტულატები იყო აზრის, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რაც არ იყო საკმარისი კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებებისადმი საერთო ოპოზიციის შესაქმნელად და ამიტომ, საერთო მოძრაობად ვერ ჩამოყალიბდებოდა. ლიბერალიზმის მომხრეთა უმრავლესობა, აგრეთვე, ემხრობა პიროვნების ქმედების თავისუფლებასა და მათ შორის თანასწორობის გარკვეულ ხარისხს, მაგრამ უფრო დაწვრილებითი ანალიზის შედეგად, ეს თანხმობა მხოლოდ სიტყვიერ დონეზე ხორციელდება, რადგან ძირითადი ცნებები, როგორებიცაა ,,თავისუფლება“ და ,,თანასწორობა“, სხვა მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მაშინ, როდესაც უფრო ძველი ბრიტანული ტრადიციის შესაბამისად, პიროვნების თავისუფლება ნიშნავდა, რომ ადამიანი კანონით უნდა ყოფილიყო დაცული სხვების მხრიდან იძულებისგან. კონსტიტუციური ტრადიცია ძირითად მნიშვნელობას ყოველი ჯგუფის თვითგარკვევას და მმართველობის ფორმის დადგენას ანიჭებდა. ამან გამოიწვია კონტინენტური მოძრაობის ადრეული დაკავშირება და თითქმის გაიგივება დემოკრატიულ მოძრაობასთან. საკითხის ასეთი ხედვა, ბრიტანული ლიბერალური ტრადიციისაგან განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტას უკავშირდება. ამ იდეების ჩამოყალიბების პერიოდში მე-19 საუკუნემდე, ცნება ,,ლიბერალიზმი“ ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნის გვიანდელი პერიოდისათვის ზედსართავმა ,,ლიბერალური“, თანდათანობით ის პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო, როდესაც იგი გამოიყენებოდა იმგვარ ფრაზებში, როგორიცაა ადამ სმითის მიერ გამოყენებული: ,,თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ლიბერალური გეგმა“. პოლიტიკურ მოძრაობაში ,,ლიბერალიზმის“ ცნება პირველად ჩნდება 1812 წელს, როდესაც ის გამოყენებულ იქნა ესპანეთის ლიბერალების პარტიის მიერ და ოდნავ მოგვიანებით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა საფრანგეთში, როდესაც იქაც გაჩნდა პარტია ანალოგიური სახელწოდებით. ბრიტანეთში ეს სიტყვა ფართოდ ,,ვიგებისა“ და ,,რადიკალების“ ერთ პარტიაში გაერთიანების შემდეგ გავრცელდა, რომელიც 1840-იანი წლების დასაწყისიდან ,,ლიბერალურ პარტიად“ მოიხსენიება. ნიშანდობლივია, რომ ,,რადიკალები“ ძირითადად შთაგონებულები იყვნენ ჩვენს მიერ აღწერილი კონსტიტუციური ტრადიციით, ამიტომ ინგლისის ,,ლიბერალური პარტია“, მისი გავლენის ზენიტშიც კი, წარმოადგენდა ორი ნასესხები ტრადიციის შერწყმას. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, არ იქნებოდა მართებული ცნება, ,,ლიბერალი“ რომელიმე ერთი ტრადიციისათვის გამოგვეყენებინა. შესაბამისად, მათ ხშირად ყოფენ ერთი მხრივ ,,ინგლისურ“, ,,კლასიკურ“, ან ,,ევოლუციონისტურ“ და მეორე მხრივ ,,კონტიტნენტურ“, ანუ ,,კონსტრუქტივისტულ“ სახეობებად. შემდგომ ისტორიულ ექსკურსში ორივე სახეობა იქნება განხილული, მაგრამ რადგან განსაზღვრულ პოლიტიკურ დოქტრინად მხოლოდ პირველი გადაიქცა, შემდგომი სისტემატური განხილვა სწორედ მას დაეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ ა.შ.შ.-ში ლიბერალიზმის განვითარების პროცესი განსხვავდებოდა მე-19 საუკუნის ევროპაში მიმდინარე ანალოგიური პროცესისაგან. ევროპაში მოძრაობა ნაციონალიზმისა და სოციალიზმის უფრო ადრინდელ მოძრაობებს ეპაექრებოდა და განვითარების კულმინაციას 1870-იან წლებში მიაღწია, რის შემდეგ მის გავლენა ნელ-ნელა ქვეითდებოდა. თუმცა, საზოგადოებრივი ცხოვრების კლიმატის განმსაზღვრელ რჩებოდა 1914 წლამდე. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ განვითარდა ანალოგიური მოძრაობა ა.შ.შ.-ში ის იყო, რომ ამ ქვეყნის შექმნისთანავე მის ინსტიტუტებში უკვე ჩაიდო ევროპული ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები და ნაწილობრივ იმის გამოც, რომ პოლიტიკური პარტიების განვითარების სპეციფიკური გარემო-პირობები ხელს არ უწყობდა ამ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული პარტიების წარმოშობას. მართლაც, იმას რასაც ევროპაში ეძახდნენ ,,ლიბერალს“, ამერიკაში უწოდებდნენ ,,კონსერვატორს“. ამავე დროს ცნება ,,ლიბერალი“ იქნა გამოყენებული იმის აღსანიშნავად, რასაც ევროპაში ,,სოციალიზმს“ უწოდებდნენ. თუმცა, ჭეშმარიტებას წარმოადგენს ისიც, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ევროპაში თავს ,,ლიბერალურს“ უწოდებს, აღარ მიჰყვება მე-19 საუკუნის ლიბერალურ პრინციპებს. Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!. ლიბერალიზმის სკოლის განვითარება საერთაშორისო ურიერთობებში მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების აღმოცენებასთან და ისეთ ლიბერალურ მოაზროვნეებთან როგორებიც არიან ჯონ ლოკი, ჯერემი ბენთამი და ემანუელ კანტი. რეალიზმისგან განსხვავებით ლიბერალიზმი ფოკუსს ახდენს ადამიანის დადებით მხარეებზე, თუმცა კი, არ უარყოფს მათ ავ თვისებებსაც. ლიბერალიზმი ზოგადად აღიარებს, რომ ადამიანის ბუნებას აქვს ბნელი მხარე, მაგრამ ამავე დროს მათი თეორიის საფუძველს ქმნის მოსაზრება, რომ ადამიანები არიან რაციონალურები და რომ რაციონალურობის პრინციპი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას საერთაშორისო საქმიანობაშიც. რაციონალურობა ლიბერალიზმის გაგებით კი იმაში გამოიხატება, რომ ადამაინებს აქვთ საერთო ინტერესები და მათ მისაღწევად ისინი თანამშრომლობაზე და დიალოგზე წავლენ როგორც ურთიერთშორის, ასევე საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო დონეზე. ლიბერალების რწმენით, თანამშრომლობას მოაქვს სარგებელი ყველასათვის. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა დიდად ეწინააღმდეგება რეალიზმის ძირეულ პრინციპებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოები არიან რაციონალურები და ეგოისტები და რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ფარდობით მოგებას რაც ძალიან ზღუდავს თანამშრომლობას. ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ადამიანური გონიერება დასძლევს შიშს და მით გამოწვეულ ლტოლვას ძალისა და ძლიერებისადმი. ამ პროცესს ისინი კაცობრიობის პროგრესად აღიქვამენ. მხოლოდ, ლიბერალური თეორიის მიმდევრები ვერ თანხმდებიან იმ სიძნელეების სირთულისა და ხანგრძლივობის ხარისხზე, რომელიც კაცობრიობამ უნდა გადალახოს. კიდევ ერთი მთავარი განსხვავება რეალიზმსა და ლიბერალიზმს შორის არის ამ ორი თეორიის მოსაზრებები სახელმწიფოს შესახებ. რეალიზმი სახელმწიფოს განიხილავს როგორც ძალის და ძლიერების კონცენტრაციას, ხოლო ლიბერალები როგორც კონსტიტუციურ წარმონაქმნს, რომელიც აწესებს და მეთვალყურეობს კანონის უზენაესობას. ასეთი სახელმწიფოები პატივს სცემენ ურთმანეთს და ემორჩილებიან საერთაშორისო სამართალს, რომელიც ემყარება ურთიერთგების (reciprocity) პრინციპს. სწორედ ეს იდეაა გადმოცემული ჯერემი ბენთამის ნაშრომში, რომელიც ითვლება ლიბერალური თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად და რომელმაც, როგორც ცნობილია პირველმა გამოიყენა ცნება საერთაშორისო სამართალი. იგივე არგუმენტი უფრო ფართოდ არის გადმოცემული ემანუელ კანტის მიერ, რომელიც თვლიდა, რომ კონსტიტუციური და ურთიერთპატივისმცემელი რესპუბლიკები საბოლოოდ დაამყარებდნენ „სამუდამო მშვიდობას“ (perpetual peace). ლიბერალური თეორიაც, ისევე როგორც უკვე განხილული რეალიზმი, იყოფა რამოდენიმე მთავარ მიმდინარეობად. მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი თეორიები არის დემოკრატიული მშვიდობის თეორია, საერთაშორისო უსაფრთხოების თეორია სოციოლოგიური ლიბერალიზმი, ურთიერთდამოკიდებულების თეორია და ინსტიტუციური ლიბერალიზმი. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ლიბერალური სკოლის არსი და ამ სკოლის მიერ რეალური მოვლენების შეფასების და ახსნის შესაძლებლობები, საჭიროა ეს თეორიები განვიხილოთ ცალცალკე. ამავდროეულად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური სკოლის ყველა მიმდინარეობა ერთნაირი წარმატებით არ სარგებლობს. ზოგიერთმა თეორიამ ვერ გაუძლო მოვლენათა განვითარებას და ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, ზოგი კი ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს რეალიზმის გაბატონებულ სკოლას და გვთავაზობს მსოფლიო პოლიტიკის ახსნის ანგარიშგასაწევ გზებს. Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.] იდეოლოგია, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს ინდივიდის თავისუფლება. ლიბერალთა უმრავლესობისათვის სახელმწიფოს შექმნა აუცილებელია ინდივიდის თავისუფლების შესანარჩუნებლად, რასაც შეიძლება დაემუქრონ სხვა ინდივიდები და სახელმწიფოები. მაგრამ სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს კოლექტიური ნების და არა ძალაუფლების მატარებლის მსახური. Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001

No comments:

Post a Comment